Tuesday, June 8, 2010



      ქუთაისი, უმშვენიერესი პატარა ქალაქი საქართველოს ასევე უმშვენიერეს კუთხეში იმერეთში. ქალაქი გაშენებულია მდინარე რიონის გაღმა-გამოღმა. 

      ქუთაისი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიგს განეკუთვნება. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია მას „მინოსის ხანას“ (ძვ.წ. მე-17-15სს) აკუთვნებს. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც, ქუთაისი ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობა.

      ეგრისის სახელმწიფოს სატახტო ქალაქი მე-6 საუკუნეში, მთელი 20 წლის განმავლობაში, სპარსელებისა და ბიზანტიელების საომარ პუნქტად იყო ქცეული. მე-8 საუკუნის ბოლოს ქუთაისი შეიქმნა ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. 

      978 წელს საქართველოს სამეფო ტახტი დაიდგა ქუთაისში. მეფედ დაჯდა ბაგრატ მე-3, რომელმაც სწორედ ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ ქუთაისში აღაშენა უმშვენიერესი ბაგრატის ტაძარი. მთელი 124 წელიწადი ქუთაისი იყო ერთიანი საქართველოს დედაქალაქი. 
      1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დიდი დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისის ახლოს ააგო სახელოვანი გელათის ტაძარი და უმაღლესი სკოლა-აკადემია. 
      ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა. აქ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი პოეტები და მწერლები დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი. 
      ქუთაისია სამშობლო ქართული მუსიკის მშვენების ზაქარია ფალიაშვილისა. მრავალი სტუმარი გაოცებულა იმით, რომ ქუთაისში არის მშვენიერი საოპერო თეატრი, რომლის რეპერტუარში შედის არა მარტო ქართველი არამედ საზღვარგარეთის კომპოზიტორების ნაწარმოებები. ქუთაისის სიამაყეა ლ.მესხიშვილის სახელობის დრამატელი თეატრი, რომლის სცენაზე არა ერთ ქართველ კორიფეს უთამაშნია. 
      აქ მოღვაწეობნენ ქართული ქანდაკების ფუძემდებელი იაკობ ნიკოლაძე და დიდი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძე. საქვეყნოდ ცნობილი მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე, ენათმეცნიერი ნიკო მარი, ლეგენდარული გმირი ვასილ კიკვიძე. 
      1976 წელს ქუთაისში საზეიმოდ გაიხსნა ქალაქის სამხატვრო გალერეა. 
      ქუთაისი დიდი სპორტული ტრადიციების ქალაქია. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის მაია ჩიბურდანიძე ქუთაისელია. ასევე აღიზარდნენ საყოველთაოდ ცნობილი სპორტსმენები ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი. 
თუ გინდათ ქუთაისი მთლიანად დაინახოთ, ბაგრატის ტაძართან უნდა ახვიდეთ. იქიდან მშვენივრად მოჩანს კავკასიონის შორეული ქედი და იქვე გაწოლილი „ხვამლის“ ულამაზესი მთა. ორად გაპობილ ხეობაში მძლავრად მოედინება მდინარე რიონი.
      ქუთაისიდან იწყება ოდითგან ცნობილი კოლხეთის დაბლობი. მდინარიდან ხელმარჯვნივ იისფერ ნისლშია გახვეული საყოველთაოდ ცნობილი კურორტი წყალტუბო, გამარჯვების დიდი მემორიალი, რომელიც წარსულ და მომავალ გამარჯვებათა მთლიანობისა და უწყვეტობის სიმბოლოა.

No comments:

Post a Comment