Tuesday, June 8, 2010
ქუთაისი, უმშვენიერესი პატარა ქალაქი საქართველოს ასევე უმშვენიერეს კუთხეში იმერეთში. ქალაქი გაშენებულია მდინარე რიონის გაღმა-გამოღმა.
ქუთაისი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიგს განეკუთვნება. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია მას „მინოსის ხანას“ (ძვ.წ. მე-17-15სს) აკუთვნებს. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც, ქუთაისი ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობა.
ეგრისის სახელმწიფოს სატახტო ქალაქი მე-6 საუკუნეში, მთელი 20 წლის განმავლობაში, სპარსელებისა და ბიზანტიელების საომარ პუნქტად იყო ქცეული. მე-8 საუკუნის ბოლოს ქუთაისი შეიქმნა ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი.
1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დიდი დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისის ახლოს ააგო სახელოვანი გელათის ტაძარი და უმაღლესი სკოლა-აკადემია.
ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა. აქ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი პოეტები და მწერლები დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი.
ქუთაისია სამშობლო ქართული მუსიკის მშვენების ზაქარია ფალიაშვილისა. მრავალი სტუმარი გაოცებულა იმით, რომ ქუთაისში არის მშვენიერი საოპერო თეატრი, რომლის რეპერტუარში შედის არა მარტო ქართველი არამედ საზღვარგარეთის კომპოზიტორების ნაწარმოებები. ქუთაისის სიამაყეა ლ.მესხიშვილის სახელობის დრამატელი თეატრი, რომლის სცენაზე არა ერთ ქართველ კორიფეს უთამაშნია.
აქ მოღვაწეობნენ ქართული ქანდაკების ფუძემდებელი იაკობ ნიკოლაძე და დიდი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძე. საქვეყნოდ ცნობილი მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე, ენათმეცნიერი ნიკო მარი, ლეგენდარული გმირი ვასილ კიკვიძე.
1976 წელს ქუთაისში საზეიმოდ გაიხსნა ქალაქის სამხატვრო გალერეა.
ქუთაისი დიდი სპორტული ტრადიციების ქალაქია. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის მაია ჩიბურდანიძე ქუთაისელია. ასევე აღიზარდნენ საყოველთაოდ ცნობილი სპორტსმენები ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი.
თუ გინდათ ქუთაისი მთლიანად დაინახოთ, ბაგრატის ტაძართან უნდა ახვიდეთ. იქიდან მშვენივრად მოჩანს კავკასიონის შორეული ქედი და იქვე გაწოლილი „ხვამლის“ ულამაზესი მთა. ორად გაპობილ ხეობაში მძლავრად მოედინება მდინარე რიონი.
ქუთაისიდან იწყება ოდითგან ცნობილი კოლხეთის დაბლობი. მდინარიდან ხელმარჯვნივ იისფერ ნისლშია გახვეული საყოველთაოდ ცნობილი კურორტი წყალტუბო, გამარჯვების დიდი მემორიალი, რომელიც წარსულ და მომავალ გამარჯვებათა მთლიანობისა და უწყვეტობის სიმბოლოა.
Sunday, May 16, 2010
ქუთაისი
ქუთაისი
ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 186 ათასი (2002 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტები, თეატრები, გალერეები.
ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი
ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩა. ქალაქის განვითარება შემდგომში ამ ადგილს უკავშირდება.
ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი, აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.
978 წელს ბაგრატ III-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. ბაგრატ III-ის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე: განახლდა სამეფო სასახლე და ციხე-გალავანი, ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი. ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. მეფე ბაგრატმა "აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენიდა კათალიკოსნ, მღვდელმთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი" (ქართლის ცხოვრება).
1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია, რომელიც "მეორე იერუსალიმად" და "სხუად ათინად" იწოდებოდა. გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.
1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა, ქუთაისი ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფლად დარჩა. სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლეც, რომელსაც "საყდარსა დავითიანსა" უწოდებდნენ. ქუთაისი სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა, როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ. ასე იყო 1226 წელს ჯალალ ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობისას.
ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (1489-1810) ქუთაისი კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია. 1386 წელს დაწყებულმა თემურლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403 წელს ქუთაისამდეც მოაღწია. ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება. XV საუკუნის იტალიელი მოგზაურისთვის ქუთაისი უკვე ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქია (ჯოსაფატ ბარბარო, XV ს.).
1555 წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ იმერეთის სამეფო ოსმალეთის ვასალი გახდა. 1510 წელს ქუთაისს "თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი" (ქართლის ცხოვრება). 1669 წელს ოსმალებმა უკვე მთელი საუკუნით დაიკავეს ქუთაისის ციხე. 1691 წელს ბაგრატის ტაძარი დაანგრიეს. XVIII საუკუნეში ქალაქი არაერთხელ ოდიშის მთავარ ლევან დადიანსაც არაერთხელ დაურბევია და გადაუწვავს, რაზეც მოწმობს წარწერა ილორის წმ. გიორგის ტაძარზე.
ქუთაისურ ნაწარმთაგან განთქმული იყო გიშრის ნაკეთობანი, რომლებიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა. პარასკეობით და კვირაობით გამართულ ბაზრობებზე გარშემო სოფლებიდან ჩამოჰქონდათ სანოვაგე. აქ გახსნილ "იარმუკაზე" უფრო შორიდანაც ჩამოდიოდნენ ვაჭრები, რომელთაც ძირითადად ევროპული საქონელი ჰქონდათ.
ქალაქი უცხოელი სტუმრისთვის უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებდა. პატარა, ორსართულიანი სახლები ერთი მხრივ ევროპულს ჰგავდა, მეორე მხრივ კი აივნები და ბაღები ადგილობრივი ორნამენტებით იყო მორთული. პირველ სართულად თითქმის მთელ ქალაქს დარაბების რიგი მისდევდა, სადაც მაღაზიები და საწარმოები იყო მოთავსებული.